უარყოფოთი საკრედიტო ისტორია

საკრედიტო ისტორია აქვს ყველა პირს, ვისაც სესხი აუღია და მოიცავს ყველა დეტალს მსესხებელზე: რა ვადით ჰქონდა სესხი აღებული, რა რაოდენობით, ჰქონდა თუ არა პარალელური სესხები ან განმეორებითი სესხები, რა პერიოდებით ჰქონდა ვადაგადაცილება ან რა მიზეზით ვერ გაისტუმრა საკრედიტო დავალიანება და ა. შ. ანუ, საკრედიტო ისტორია მოიცავს ნებისმიერ პოზიტიურ თუ ნეგატიურ ინფორმაციას. იმ მომხმარებელს, რომელსაც არ ჰქონია სესხის ვადაგადაცილება, აქვს დადებითი საკრედიტო ისტორია. სხვა შემთხვევაში მისი მონაცემები ნეგატიურ ჩანაწერში გადადის, რომელიც, თავის მხრივ, ორი სახისაა: თუ პირმა ვადაგადაცილებით, მაგრამ სრულად დაფარა სესხი, მას ენიჭება „იყო ნეგატიური“ სტატუსი, ხოლო თუ მის სახელზე მიმდინარე დავალიანება ფიქსირდება, მას ენიჭება „არის ნეგატიური“ სტატუსი. ყველა ეს ცნობა თავმოყრილია ორგანიზაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში. ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება, პირადობის მოწმობის საფუძველზე, თავის საკრედიტო ისტორიას გაეცნოს. ამ ინფორმაციის მიღება, წელიწადში მხოლოდ ერთხელაა უფასო.

უარყოფითი ჩანაწერი ვადაგადაცილებული კრედიტის შესახებ, სესხის სრულად დაფარვიდან 5 წლის შემდეგ იშლება ბაზიდან. რაც შეეხება ინფორმაციას იმ სესხებზე, რომლებიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით, წარმატებით დაფარა, იშლება სესხის დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.

კარგი საკრედიტო ისტორია, განაპირობებს თქვენთვის ოპტიმალური პირობებით სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის შემოთავაზებას, იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას და დიდ არჩევანს.

რა უნდა ვიცოდეთ თავდებობაზე?

თავდებობა, ეს არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფელბამოსილია, ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის დამტკიცების დროს საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათ საკრედიტო ისტორიას. შესაძლებელია, ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც თავდებს სურს სესხის მიღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს, როგორც მის ფინანსურ ვალდებულებას.

დღესდღეობით თავდებობდა საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ხშირად მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, რომ არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებული ვალდებულებას. პრობლემური სესხის შემთხვევაში კი ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი. პირველ რიგში, როდესაც ხდებით თავდები პირი, აუცილებელია სრულად გაეცნოთ ხელშეკრულებას და შემდეგ მოაწეროთ ხელი. ყურადება მიაქციეთ:

  • სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს;
  • სესხის პროცენტს;
  • თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ხართ პასუხისმგებელი;
  • ვადაგადაცილების ჯარიმებს;
  • სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს.

მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ, თუ რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი. თავდებს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან. ამით თავიდან აიცილებთ დამატებით პრობლემებს და გაურკვევლობას. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ საფინანსო ინსტიტუტს სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რათა შეგიმცირდეთ ყოველთვიური შენატანი და თავიდან აიცილოთ ჯარიმები. გაპრობლემებული სესხის შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკმა უჩივლოს მომხმარებელს და საქმე გადაეცეს სასამართლოს.

ნებისმიერ ხელშეკრულებას, სანამ ხელს მოაწერთ, უნდა გაეცნოთ სრულად და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ: ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ხელშეკრულების მოქმედების და შეწყვეტის პირობებს, სანქიებს ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში, სესხის დაფარვის გრაფიკს, ვალუტას და ვადას. ეს ის მნიშვნელოვანი პუნქტებია, რაზეც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი სესხების ხელშეკრულებას. იგივე ინფორმაცია უნდა მოიძიოთ ონლაინ სესხებზეც, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ გიწევთ.