ონლაინ სესხი

დღეს ყველაზე გავრცელებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ე. წ. სწრაფი, ონლაინ სესხი, რომელიც გათვლილია მოკლე ვადაზე და გაიცემა სახლიდან გაუსვლელად. იმისთვის, რომ ონლაინ სესხით ისარგებლოთ, ბანკისგან განსხვავებით, არ არის საჭირო რეგისტრირებული შემოსავლების დაფიქსირება. მარტივი და სწრაფი სესხით სარგებლობა მაღალ რისკებს გულისხმობს, სწორედ ამიტომ, სესხის გადავადების ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, საკომისიო გადასახადი ძალიან მაღალია. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები მომხმარებელს პირველ სესხს 0%-ად სთავაზობენ, მომდევნო სესხის საკომისიო კი _ 20%-ს აღწევს. სესხის ოდენობა, საშუალოდ, 50-500 ლარია, გაცემის ვადა კი _ საშუალოდ 30 დღემდე. როგორც წესი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის დამტკიცებისას საკრედიტო ინფორმაციას არ ამოწმებენ, ამიტომ, შეიძლება ისეთ ადამიანს დაუმტკიცდეს, რომელსაც არ აქვს საშუალება, ამ ვალდებულებებს გაუმკლავდეს. ასეთ მომხმარებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საშუალოდ, 1%-ის გადახდა უწევს. ამავდროულად, კრედიტორი კომპანიები თანამშრომლობენ „კრედიტინფო საქართველოსთან“, აწვდიან მათ ინფორმაციას მსესხებლის შესახებ და თითოეული მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაში შესაბამისი ჩანაწერი შედის.

სამომხმარებლო სესხი

სამომხმარებლო სესხი არის კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისთვის, გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით შეგიძლიათ უზრუნველყოთ ყველა სახის ხარჯის დაფინანსება. ასეთი სესხი, როგორც წესი, მოკლევადიანი და არამიზნობრივი სესხია. შესაბამისად, სხვა სესხებთან შედარებით ძვირია. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობაზე და თქვენს შემოსავალზე. სამომხმარებლო სესხი გაიცემა მომხმარებლის მუდმივი შემოსავლის მიხედვით. სესხის მოცულობის ზედა ზღვარი ყველა ბანკის შემთხვევაში ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხის მოცულობის და ვადის მიხედვით ბანკმა შესაძლოა, მოითხოვოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. შეიძლება, ბანკმა სესხის უზრუნველყოფისთვის თავდები პირიც მოითხოვოს. რაც შეეხება სესხის ვადას, ის 1-დან 120 თვემდე მერყეობს. სამომხმარებლო სესხი, შესაძლებელია ავიღოთ როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. ბოლო პერიოდში, კომერციული ბანკები სამომხმარებლო სესხის გაცემისას მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთხოვენ.

ასეთი სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ:

  • წინასწარ გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები;
  • გადასახდელია დამტკიცების საკომისიო (საშუალოდ, 2%);
  • იხდით განაღდების საკომისიოს (სახელფასო პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალურია);
  • სესხის წინსწრების საკომისიო საშუალოდ 2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება წლიურ საპროცენტო განაკვეთს, კომერციული ბანკები სხვადასხვა პირობებს გვთავაზობენ და ის საშუალოდ 10%-დან იწყება. ზემოთ აღნიშნული დამატებითი დანახარჯები აძვირებს სესხის მომსახურებას და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 10%-ზე მეტი გამოდის.

ოვერდრაფტი

ოვერდრაფტი არის მოკლევადიანი სესხი, რომელიც დაიშვება მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე. მას ე. წ. „მეცამეტე ხელფასსაც“ ეძახიან. ამ პროდუქტით საგებლობა მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც ხელფასი ბანკში ერიცხებათ. როგორც წესი, ოვერდრაფტის მოცულობა ხელფასის (მაქს. 100%) ოდენობით და საკრედიტო ისტორიის შესაბამისად განისაზღვრება.

ასეთი სესხი შესაძლებლობას გვაძლევს, დავხარჯოთ ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი, ხოლო დავალიანება მოგვიანებით დავფაროთ. ამ მომსახურებისთვის გახარჯული თანხის გარკვეულ პროცენტს ბანკს ყოველთვიურად ვუხდით, ხოლო ძირი თანხა შეგვიძლია მაქსიმუმ ვადის ბოლომდე დავფაროთ, ვადა კი_ერთი წელია.

ოვერდაფტი ძალიან ჰგავს საკრედიტო ბარათს, თუმცა, განსხვავდება იმით, რომ ჩვეულებრივ, მიბმულია ხელფასზე. ეს არ არის მიზნობრივი ან უზრუნველყოფილი სესხი და მისი აღება სხვა საკრედიტო პროდუქტებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებ პროცედურას მოითხოვს. თვის განმავლობაში გახარჯული თანხის პროცენტი დღეების სიზუსტით ანგარიშდება. კომერციული ბანკები ამ მიმართულებითაც განსხვავებულ პროცენტებს გვთავაზობენ, რომელიც საშუალოდ, 18-20%-ს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხორციელდება, რეალურად დახარჯულ თანხაზე. ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება იფარება ავტომატურად, ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას საბარათე ანგარიშზე. სესხის მოქმედების ვადაში შეგვიძლია რამდენჯერმე დავფაროთ და განვაახლოთ ოვერდრაფტი. ამ საკრედიტო პროდუქტის პირობები ინდივიდუალურია მომხმარებლის შემოსავლის გათვალისწინებით. ხშირად, საპროცენტო განაკვეთი ორგანიზაციის სახელფასო პროგრამის პირობებშია გათვალისწინებული. ოვერდრაფტის აღება შესაძლებელია იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გაქვთ შემოსავალი.